"მმართველი გუნდი დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის", - აცხადებს „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები.
"საქმე ეხება პროექტს, რომელიც წინა კვირაში შემოვიდა და რაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასა და „ოცნების“ უკმაყოფილებას მოჰყვა. შემდეგ გადაიზარდა სხვადასხვა ტიპის მუქარაში თუ სარჩელებში, რომ წავა მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში. იქ რაღაც იმპიჩმენტიც ახსენა. შემდეგ დაიწყეს ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა, რათა რაც შეიძლება მეტად მოათვინიერონ პრეზიდენტი“,- თქვა უსუფაშილმა და აღნიშნა,რომ „ოცნება“ კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟსა და ავტორიტეტზე გარეთ.
„როდესაც პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ, რაღაცები დაჩქარებულად გავაკეთოთ, ჩვენ აქ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე „ოცნების“ მიერ შერჩეულ, შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის. ეს უკიდურესად სამწუხარო და კონტრპროდუქტიული, სახელმწიფოს ინტერესებში არშემავალი ნაბიჯია. ვფიქრობდი, „ოცნება“ რაღაცებს გაიაზრებდა და შესაძლოა, ცხელ გულზე შემოტანილ კანონპროექტს ნელ-ნელა ისეთ ჩარჩოებში წაიყვანდა, პრობლემები ნაკლები შექმნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გულის თუ თავის სიცხელეზე გავლენას ბევრი რამ ახდეს და ეს ყველაფერი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.