უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატით სიტყვით გამოვიდა და ნატოს ლიდერებს მიმართა.
ზელენკიმ განაცხადა, რომ დღეს ერთი თვე გავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან. მისი თქმით, ეს იყო "გმირული თავდაცვის" და "განადგურების საშინელი ბნელი თვე".
ზელენსკის თქმით, ის რომ გრძნობს, რომ მისი ქვეყანა "დასავლეთსა და რუსეთს შორის რაღაც ნაცრისფერ ზონაში" არის მოხვედრილი, რადგან ის ჯერ არ არის ალიანსის ნაწილი, თუმცა "იცავს ერთობლივ ღირებულებებს".
მისი თქმით, უკრაინა გაბედულად იცავს თავს, მაგრამ "ათასობით ადამიანის სიცოცხლის, დანგრეული ქალაქების და თითქმის 10 მილიონი გადასახლებული ადამიანის ფასად".
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა ნატოს ლიდერებს, რომ უკრაინა დიდი ხანია ითხოვს ცის დახურვას.
"ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით, დაგეხურათ ჩვენი ცა. დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ გააჩნია ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. რუსეთზე გაცილებით მცირე საჰაერო ძალები ჰყავს. ამიტომ, მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ლიდერებს და უთხრა, რომ არასდროს თქვან, თითქოს უკრაინის ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარდებს.
"კიდევ ერთხელ გთხოვთ, არასოდეს, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს.