ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობაზე სულ მცირე კიდევ ერთი წლით დარჩება. იტყობინება Sky News-ი.
გავრცელებული ცნობით, მოკავშირეები უკვე შეთანხდნენ სტოლტენბერგის მანდატის გახანგრძლივებაზე უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული უსაფრთხოების მძიმე კრიზისის გამო.
ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება ხუთშაბათს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 30 წევრი ქვეყნის ლიდერების საგანგებო შეხვედრაზე.
თავად სტოლტენბერგს მანდატის გახანგრძლივების შესაძლებლობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა არაოფიციალურად მზადაა თანამდებობაზე დარჩეს.
სტოლტენბერგის მანდატი სექტემბერში იწურება. თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს ჩაუდგებოდა სათავეში.
62 წლის იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივანი 2014 წლის 1 ოქტომბერს გახდა. მანამდე სტოლტენბერგი ორჯერ იკავებდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის (2000-2001 და 2005-2013 წლებში) თანამდებობას.