ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა. იუწყება სააგენტო Reuters-ი ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მანამდე, ნორვეგიის ოპოზიცია სტოლტენბერგის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა, რადგან პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ იგი შეარყევდა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას.
როგორც იუწყებიან, ნორვეგიის მთავრობა დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს სტოლტენბერგის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე.
იენს სტოლტენბერგი ახალ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც ნატო-ს გენერალურ მდივნად მუშაობის მანდატი ამოიწურება.
2021 წლის 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველის ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა.
62 წლის იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივანი 2014 წლის 1 ოქტომბერს გახდა. ამ პოსტზე მისი მანდატი ორჯერ გაგრძელდა, ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება, ამრიგად, სტოლტენბერგი ნატო-ს კიდევ რვა თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მანამდე სტოლტენბერგი ორჯერ იკავებდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის (2000-2001 და 2005-2013 წლებში) თანამდებობას.