ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადი შეიტანა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ნორვეგიის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტეოლტენბერგი აცხადებს, რომ ძალიან მოტივირებულია ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამუშაოდ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არჩევანი მასზე გაკეთდება, ამ პოსტის დაკავებას ვერ შეძლებს, ვიდრე ნატო-ში მისი მანდატი არ ამოიწურება.
"თუ ამ თანამდებობას მივიღებ, ვერ შევძლებ ამ სამუშაოს შესრულებას ნატო-ში ჩემი უფლებამოსილების ამოწურვამდე - 2022 წლის 1 ოქტომბრამდე", - განაცხადა მან.
ნორვეგიული მედია ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სტოლტენბერგი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საუკეთესო არჩევანი იქნება, რადგან მას შესაბამისი განათლება, ასევე ფინანსთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
62 წლის იენს სტოლტენბერგი ორჯერ იკავებდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის (2000-2001 და 2005-2013 წლებში) თანამდებობას, ნატო-ს გენერალური მდივანი 2014 წლის 1 ოქტომბერს გახდა. ამ პოსტზე მისი მანდატი ორჯერ გაგრძელდა, ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება, ამრიგად, სტოლტენბერგი ნატო-ს კიდევ რვა თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ფოტო: Bloomberg