ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლობის ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აცხადებს, რომ ალიანსის წევრების მიმართ პუტინის მუქარა რეალურია. იტყობინება CNN.
"გვესმის, რომ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები სრულიად უგუნური ადამიანები არიან. მათ არ აღელვებთ ადამიანების სიცოცხლე. პუტინმა მთლიანად შეცვალა თავისი ფრაზეოლოგია დასავლეთის მიმართ, მას ძლიერ სძულს დასავლეთი, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ღირებულებები, ამიტომ ჩვენი შეფასებით, ის მართლაც საშიშია და ალიანსისთვის აბსოლუტურად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, ხუთშაბათს 24 მარტს ნატო-ს სამიტზე აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხზე იმსჯელებენ.
ნატო-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოელი მოკავშირეების სამხედრო დანაყოფები ბლოკის აღმოსავლეთ ევროპის რვავე ქვეყანაში განლაგდებიან. მათი საერთო რაოდენობა კი 40 ათასამდე იქნება, რაც ათჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო.
გარდა ამისა, ნატო უახლოეს ხანებში აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო და საზღვაო ძალების გაზრდას გეგმავს.