რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკვე 12 დღეა საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. მისი გაუჩინარება რუსული დამოუკიდბელი მედიის "მედიაზონისა" და "აგენტსტვოს" ჟურნალისტებმა შეამჩნიეს.
გამოცემა "აგენტსტვოს" ინფორმაციით, შოიგუ ბოლოს რუსულ მედიასაშუალებებში 11 მარტს გამოჩნდა, როდესაც თავის თურქ კოლეგას ჰულუსი აკარს ესაუბრა. იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში შოიგუს ვიზიტის შესახებ, სადაც მან რუს სამხედროებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის ჯილდოები გადასცა.
18 მარტს კრემლის ოფიციალურ გვერდზე იუწყებოდნენ, რომ შოიგუ ესწრებოდა პუტინთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების სხდომას. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასლა არ გამოქვეყნებულა. იმავე დღეს რუსეთის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც შოიგუ სამხედროებს ჯილდოებს გადასცემს, თუმცა კადრები სრულად ემთხვეოდა 11 მარტს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოს.
ამასთან, გამოცემა "აგენტსტვო" ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ 11 მარტამდე სიუჟეტები და ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელშიც შოიგუ მონაწილეობდა, დღეში რამდენჯერმე ვრცელდებოდა. 11 მარტის შემდეგ კი ვრცელდება ინფრომაციები ღონისძიებების შესახებ, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი მონაწილეობს.