უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში 100 000 ადამიანი რჩება არაადამიანურ პირობებში. ამის შესახებ ზელენსკიმ 22 მარტს, გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დღეს მდგომარეობით ქალაქში 100 000-მდე ადამიანი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაში, საკვების, წყლის, მედიკამენტების გარეშე და მუდმივი დაბომბვის ქვეშ. უკვე კვირაზე მეტია ვცდილობთ სტაბილური ჰუმანიტარული ღონისძიებების, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებას მარიუპოლის მაცხოვრებლების ევაკუაციისთვის. და ჩვენი თითქმის ყველა მცდელობა, სამწუხაროდ, ჩაიშალა რუსი ოკუპანტების, დაბომბვის ან განზრახ ტერორის გამო", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 22 მარტს, მარიუპოლისკენ მიმავალი უკრაინული ჰუმანიტარული კოლონა საოკუპაციო ძალებმა დააკავეს და ტყვედ აიყვანეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ავტობუსების მძღოლები.
"ახლა ყველაფერი კეთდება ხალხის გასათავისუფლებლად და ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების განსაბლოკად", - დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს დენდიასს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, პირადად ახლდეს ჰუმანიტარულ მისიას მარიუპოლში.
მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში იმყოფება. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. დაღუპულია 2 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია.