საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი გეგმავს, პირადად ახლდეს ჰუმანიტარულ მისიას, რომელიც რუსეთის არმიის მიერ ბლოკირებულ მარიუპოლში უნდა ჩავიდეს.
"ვგეგმავ, პირადად გავყვე ჰუმანიტარულ მისიას მარიუპოლში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელთან, პიტერ მაურერთან ერთად, რომელთანაც უკვე ვიმყოფები კონტაქტში ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა დენდიასმა.
მისივე თქმით, მისიას თავად უხელმძღვანელებს.
დენდიასის განცხადებით, მარიუპოლში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ეთნიკური ბერძნების დაცვა საბერძნეთის პრიორიტეტია. მისივე თქმით, თავისი განზრახვის შესახებ მან უკვე ოფიციალურად აცნობა უკრაინულ და რუსულ მხარეებს.
მარიუპოლში ათასობით ეთნიკურად ბერძენი ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლზე თავდასხმას სულ მცირე 10 ბერძენი ემსხვერპლა.
საბერძნეთის მთავრობის ცნობით, მარიუპოლის რეგიონიდან ევაკუირებულია 150-ზე მეტი საბერძნეთის მოქალაქე, გემის ეკიპაჟი და ეთნიკური ბერძენი.
მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში იმყოფება. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. დაღუპულია 2 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია.