ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება - განაცხადა პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალი სივრცის" ეთერში.
ამ განცხადებით გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც ვაშაძის კომენტარს, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ ექნება, კატასტროფული უწოდა.
"გიგა ბოკერიას აზრი ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი. რაც უნდა ის ილაპარაკოს, უხეშ სიტყვებს არ ვიხმარ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს.
ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი; რუსეთის ფედერაციის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი.
არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას?! მაპატიეთ და ხომ იდიოტიზმია?! შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისთვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს", - თქვა ვაშაძემ.