ძალიან მალე რუსეთი იზოლირებული, დაშლის პირას მისული და ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყანა რომ იქნება, ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაც რეალობად უნდა ვაქციოთ, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
მისი განმარტებით, ასეთ დროს ძალიან სწრაფი რეფორმების წყალობით ოთხი მცირე და ძალიან წარმატებული ქვეყნის მაგალითები უნდა გადმოვიღოთ.
"ირლანდია - გამოიყენეს ევროკავშირის ბაზარი, შემოიყვანეს ამერიკული მეგა კომპანიები და ევროპის უღარიბესი ქვეყნიდან უზარმაზარი ექსპორტის/დოვლათის შექმნა მოახერხეს.
ესტონეთი - საბჭოური სასკოლო მოდელის სწრაფი ტრანსფორმაცია, მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო სისტემად, ასევე დაბალანსებული ბიუჯეტის მეშვეობით, ერთერთი ყველაზე მცირე საგარეო ვალით როგორ ააშენეს ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ელექტრონული მმართველობა.
ისრაელი - მტრულ გარემოში ინვესტიციების უწყვეტი მოზიდვის, სამხედრო ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის და ტექნოლოგიების სფეროების სწრაფი განვითარება.
შვეიცარია - ფინანსური ჰაბი, სამთო ტურიზმის საუკეთესო მოდელი და ტოტალური თავდაცვის ისეთი სისტემა, რომ ჰიტლერსაც კი არ მოსვლია თავში შვეიცარიაზე თავდასხმა უზარმაზარი დანაკარგების შიშით.
ყველა ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობის მდიდარი ტრადიციაა და ცხადია დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც მთავარი ქვაკუთხედი.
პ.ს. ასეთი ქვეყნის მშენებლობას როგორც კი დავიწყებთ, აქეთ შეგვეხვეწებიან აფხაზებიც და ოსებიც საერთო თანაცხოვრებას, ან რატომ ენდომება რომელიმეს კეთროვანი რუსეთის საფლავში ჩაყოლა", - აცხადებს ქადაგიძე.