უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს პარლამენტს, ქნესეთს მიმართა.
"ჩვენ გვაქვს კითხვა, რატომ ვერ მივიღებთ თქვენგან იარაღს, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს მკაცრი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე", - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის კანონმდებლებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის თხოვნა ისრაელისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.
"ყველამ იცის, რომ თქვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა", - განუცხადა ზელენსკიმ ქნესეთს.
უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის შუამავლობის მცდელობებსაც გამოეხმაურა.
"თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის", - თქვა ზელენსკიმ.
"ყველამ იცის, რომ შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და დაიცვათ თქვენი ეროვნული ინტერესები და დაგვეხმაროთ დავიცვათ ჩვენი, უკრაინელებისა და უკრაინაში მცხოვრები ებრაელების სიცოცხლე.
ჩვენ ვკითხულობთ, რატომ ვერ მივიღებთ თქვენგან იარაღს, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს მკაცრი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევანი თქვენზეა, ძმებო და დებო, და თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენი პასუხით, ისრაელის ხალხო", - თქვა ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის ვირტუალური სიტყვით გამოსვლისას არაერთი მცდელობა განხორციელდა, რომ კიბერთავდასხმის გზით, ჩაშლილიყო პირდაპირი ტრანსლაცია.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს მცდელობები აღკვეთეს ქნესეთმა და ისრაელის ეროვნულმა კიბერ დირექტორატმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიმართა კანადის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, იტალიისა და გერმანიის საკანონმდებლო ორგანოებს. უახლოს დღეებში იგეგმება მისი გამოსვლა საფრანგეთის პარლამენტში.