უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ბულგარეთი არ აპირებს რუსული გაზის მიწოდების თაოაბზე "გაზპრომთან" კონტრაქტის განახლებას, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ასენ ვასილევმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოფია იმედოვნებს რომ "გაზპრომთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან, ასევე თხევადი ბუნებრივი აირისა და ევროკავშირის გაზის ერთობლივი შესყიდვის მექანიზმის მეშვეობით.
"ამ ვითარებაში გაზპრომთან მოლაპარაკება არ შეიძლება", - ციტირებს ვასილევის სიტყვებს სააგენტო Bloomberg-ი.
ვასილევის თქმით, ასევე განიხილება გაზის მიწოდების ალტერნატივები ყატარიდან და ალჟირიდან.
მისივე თქმით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ერთობლივი მიწოდების მექანიზმები ამუშავდება, რაც ბლოკს უკეთეს ფასებზე მოლაპარაკების საშუალებას მისცემს.
ამ დროისთვის, ბულგარეთი რუსულ გაზს იღებს "გაზპრომ ექსპორტსა" და "ბულგარგაზს" შორის ათწლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.
ცოტა ხნით ადრე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ მუშაობს ახალ ზომებზე, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას და შემდეგ სრულიად მოხსნას ითვალისწინებს.