თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე კრიტიკულ საკითხებზე პოზიციების დაახლოების შესახებ განაცხადა. ამასთან, გარკვეული საკითხები ამ ქვეყნების ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს, დარწმუნებულია მინისტრი. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ Hurriyet-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებზე ორივე მხარის პოზიციების დაახლოვდა. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თითქმის ემთხვევა პირველ ოთხ პუნქტს. ზოგიერთი საკითხი ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, თუ მხარეები ამჟამინდელ პოზიციებს არ შეცვლიან, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის იმედი არსებობს.
"ლიდერებს შორის ღია არხებია. ეს უკვე ცნობილია", - დასძინა მან.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებში შერბილდა, მაგრამ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტები მოლაპარაკებებში აბსოლუტურად ნათელია - ეს არის ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის რეალური გარანტიები და უკრაინის რეალური დაცვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თუქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება.