უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიას მოუწოდა, დაბლოკოს მის ბანკებში შენახული გავლენიანი რუსების და ოლიგარქების აქტივები.
ზელენსკის ვიდეომიმართვა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გადასცეს.
"ვისურვებდი, რომ უკრაინელები ისე ცხოვრობდნენ, როგორც შვეიცარიელები, ასევე მინდა, რომ უკრაინელების მსგავსად იბრძოლოთ ბოროტების წინააღმდეგ. რათა არ იყოს შეკითხვები თქვენს ბანკებზე, სადაც ინახება მათი ფული, ვინც ეს ომი გაჩააღა.
ეს მტკივნეულია, უსიამოვნოა, მაგრამ ეს ასევე ბრძოლაა ბოროტების წინააღმდეგ, რომ სრულად გაიყინოს ამ ადამიანების აქტივები, მათი ანგარიშები. ეს საჭირა და თქვენ ეს შეგიძლიათ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პრინციპულ პოზიციებს ელოდება ბიზნესისგანაც და შვეიცარიის პარლამენტს შეახსენა, რომ მაგალითად, გიგანტური კომპანია Nestle არ აპირებს რუსული ბაზრის დატოვებას.
"ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ვაჩვენოთ მსოფლიოს ნებისმიერ აგრესორს, რომ ომი ანადგურებს არა მსხვერპლს, არამედ მას, ვინც მასთან მივიდა", - თქვა ზელენსკიმ.
მედიის ინფორმაციით, შვეიცარიის ბანკებში რუსული კაპიტალის 213 მილიარდამდე დოლარი ინახება. რუსეთის მიმართ სანქციები კი იძლევა იშვიათ შესაძლებლობას ცნობილი გახდეს ამ აქტივების შესახებ.
შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის გარკვეულ ეკონომიკურ დანაკარგებზე, პუტინის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამო.