დადასტურებულია ცალკეული რუსი სამხედროების მიერ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტები, რაც განპირობებულია უკრაინის თავდაცვის ძალებთან შეტაკების შემდეგ რუსი ოკუპანტების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაბალი დონით, - ამის შესახებ იტყობინება „უნიანი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"ამგვარად, სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მე-20 მოტორიზებული დივიზიის მუდმივი განლაგების პუნქტში 130-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, გახშირდა თვითმკვლელობების და თვითდასახიჩრების შემთხვევები.
"პოზიტიური შედეგების არარსებობისა და დაკისრებული ამოცანების შესრულების შეუძლებლობის გამო, იგეგმება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ჯარების 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ვადიმ პანკოვის გაყვანა. მას ბრალად ედება გოსტომელის აეროდრომზე საბრძოლო დავალების შეუსრულებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა ნიკოლაი ჟირნოვმა განაცხადა, რომ კიევის რეგიონში რუსი დამპყრობლები სარდლობის ბრძანებებს ვერ ასრულებენ.