"დასავლეთი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ ჩვენ ამას მივეჩვიეთ", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი RT-სთან ინტერვიუში.
"სანქციების ზეწოლა გაგრძელდება. დასავლეთი სანქციების მეხუთე ტალღით გვემუქრება, შესაძლოა, ამის შემდეგ კიდევ იყოს ერთი ტალღა, მაგრამ ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ", - თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, სანქციები ყოველთვის მხოლოდ აძლიერებდა რუსეთს.
"როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, ჩვენ ვართ ჩემპიონები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობით. ხუთ ათასზე მეტი ინდივიდუალური ღონისძიება. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე სანქციების რაოდენობა, რაც დაწესებულია ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიმართ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სანქციები ყოველთვის მხოლოდ გვაძლიერებდა", - თქვა მან.
ლავროვის თქმით, რუსეთმა ისწავლა ისტორიული გაკვეთილებისგან. "მთლიანად განადგურებულია ილუზია, რომ რუსეთს შეუძლია დასავლელ პარტნიორებს დაეყრდნოს".
"ახლა მხოლოდ საკუთარ თავისა და იმ მოკავშირეების იმედი გვაქვს, რომლებიც ჩვენს გვერდით დარჩებიან. ეს არის რუსეთის მთავარი დასკვნა გეოპოლიტიკის კონტექსტში", - აღნიშნა ლავროვმა.
"რუსეთის ფედერაციას არ დაუკეტავს კარი დასავლეთისთვის, მაგრამ არ მიიჩნევს მას სანდო პარტნიორად“, - დასძინა მან.
ლავროვმა ასევე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც "უარს ამბობენ, იცეკვონ ამერიკის დაკრულზე". მისი თქმით, ეს ქვეყნებია ინდოეთი, მექსიკა, ჩინეთი, ბრაზილია და სხვები.