ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ გაგებით ეკიდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების, მაგრამ მისი თქმით, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. ამის შესახებ სტეოლტენბერგმა გერმანული მაუწყებლის ARD-ის ეთერში განაცხადა.
ამავდროულად, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
"ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა - გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში", - თქვა მან.
მისივე თქმით, "უპრეცედენტო სანქციებით" რუსეთი ომისთვის "მაღალი საფასურს" გადაიხდის.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიდნენ და "ეს ყველაფერი მათ დაეხმარა რუსული არმიასთან გამკლავებაში".
"მე მესმის პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი არიან სასტიკი, უაზრო ომის მსხვერპლნი პრეზიდენტ პუტინის დამპყრობელ ჯარებთან ბრძოლაში", - დასძინა სტოლტენბერგმა.
ამავდროულად, მისი თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს კონფლიქტი არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ გაცდეს უკრაინის საზღვრებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ძალა, შეაჩეროს პუტინი, ამიტომ უკრაინას სურს შექმნას ახალი ალიანსი ომის დასასრულებლად.