რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს ტელეფონოთ ესაუბრა და უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები გააცნო. ამის შესახებ BBC იტყობინება.
თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლის იბრაჰიმ კალინის თქმით, კრემლის მთავარი მოთხოვნებია უკრაინის "ნეიტრალიტეტი" და ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა.
ამასთან აგრესორი ითხოვს "უკრაინის განიარაღებას, რათა ის არ წარმოადგენდეს საფრთხეს რუსეთისთვის", "რუსული ენის დაცვას" და "დენაციფიკაციას".
გარდა ამისა, რუსეთს აქვს მოთხოვნები დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებისა და ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით, თუმცა კალინს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც კალინმა BBC-ს განუცხადა, პუტინის თქმით, საბოლოო შეთანხმებამდე საჭირო იქნება ზელენკისთან პირადი შეხვედრა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, შეთანხმება მხოლოდ უკრიანიის ინტერესების გათვალისწინებით გაფორმდება.
მისი თქმით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებისთვის კონკრეტული მექანიზმის შემუშავება სჭირდება. მისივე თქმით, რუსეთთან სადაო საკითხების შეთანხმებას შესაძლოა რამდენიმე დღიდან კვირანახევრამდე დასჭირდეს, რის შემდეგაც დაიწყება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის სამზადისი.