საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი.
მისივე თქმით, საკითხზე მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ ეტაპზე აქცენტი კვლავაც „ომიკრონზეა“.
„ამ ეტაპზე მთელი ყურადღება კვლავაც „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციაზეა. ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ბუნებრივია, ჩვენ ამ დროისთვის არ გაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე ან საერთოდ შეიძლება თუ არა გვქოდეს საქმე ახალ შტამთან. ამიტომ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა ნიშანი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს, საკმაოდ სწრაფი ტემპით უმჯობესდება.
„ჩვენთან ცირკულაციაში არის „ომიკრონი“ და მიმდინარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება. საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს. საქართველოში ბოლო პერიოდში აშკარად შეინიშნება ეპიდემიის გაუმჯობესების ნიშნები. დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 888, დადებითობის მაჩვენებელიც სწრაფად იკლებს, ხუთ პროცენტს ჩამოსცდა. ვიმედოვნებთ, მეტად დაიკლებს. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ შესაძლოა, უკვე დავიწყოთ საუბარი პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე, რაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ სჭირდება ამ მიმდინარეობას. ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტად ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის იქნება და არა პანდემიური ხასიათის“, – განაცხადა გაბუნიამ.