CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას (OECI), რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გააქტიურება, კონკრეტული, მწვავე პრობლემების ინიცირება და მათ გადაჭრაში ჩართვაა.
მიმდინარე წლის ივლისში ზემო სვანეთში, რომელიც OECI-ის ერთ-ერთი სამიზნე რეგიონია, შეიქმნა სვანური კოშკის მემკვიდრეთა ასოციაცია, რომელმაც მესტიის რაიონში შემორჩენილი თითმის ყველა კოშკის უშუალო მზრუნველი და ისტორიულ მეპატრონეთა შთამომავალი გააერთიანა. ასოციაციის შექმნას საფუძვლად დაედო სვანური კოშკების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.
ასოციაციის დაფუძნებას წინ უსწრებდა სოციოლოგიური მოკვლევა, რომელიც, კოშკის მემკვიდრეების ანკეტირებასთან ერთად, მათ ინფორმირებას და მობილიზებასაც გულისხმობდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში სვანეთში 200 კოშკი მთლიანად განადგურდა. კოშკების ნგრევამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. ავარიული კოშკები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. კოშკები ზიანდება ჩაჟაშშიც (უშგული), რომელიც იუნესკოს ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. ისიც ფაქტია, რომ კოშკების კონსერვაციისთვის არსებული რესურსები რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმზიდველობის გადარჩენისთვის საჭირო თანხები, თუნდაც მესტიის ცენტრში არსებული საბჭოური შენობების რეაბილიტაციის თანხებთან შედარებით, ძალიან მცირეა. შესაბამისად, სხვა აქტივობებთან ერთად, საჭიროა აღნიშნული საკითხის პრიორიტეტიზაცია ცენტრალურ დონეზე, ასევე საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტური კოორდინაცია ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
კოშკის მემკვიდრეთა ასოციაცია გეგმავს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების დახმარებით განახორციელოს კონკრეტულ ინიციატივები კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მისი მუშაობა ეფექტური იქნება ხელისუფლებისთვისაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კოორდიანციის თვალსაზრისით.
ასოციაციამ CENN-თან ერთად უკვე შეიმუშავა კონკრეტული ინიციატივები, რომელშიც რეგიონული ადმინისტრაცია, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებია ჩართული.
აღნიშნული წინადადებების წარდგენა ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რაზეც ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიატივის (OECI) 25-26 ნოემბრის კონფერენციაზე იმსჯელებენ. კონფერენცია გაიმართება სასტუმრო ამბასადორის მთავარ დარბაზში. თემის განხილვა 26 ნოემბერს 14:00-16:00 საათზეა დაგეგმილი.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), მესტიის ტურიზმის ცენტრის, ასოციაცია ლატალის, მესტიის ფერმერთა სახლის, ელკანას და ზემო სვანეთში მოქმედი სხვა ორგანიზაციების ინიციატივები. რეგიონის განვითარების გეგმებზე პრეზენტაციებს გააკეთებენ ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.