გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, "არსებობს ძალიან, ძალიან მყარი მტკიცებულებები", რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ომის დამნაშავეა".
მანამდე, პუტინს ომის დამნაშავე უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
BBC Radio 4-ის ეთერში, ბაიდენის განცხადების კომენტირებისას, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ შეცდომად არ თვლის პუტინისთვის ომის დამნაშავის წოდებას.
"არსებობს ძალიან, ძალიან მყარი მტკიცებულება, რომ ის [პუტინი] არის [ომის დამნაშავე]," - ამბობს ის.
"არსებობს ძალიან, ძალიან მყარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში ჩადენილია სამხედრო დანაშაულები და მათ უკან ვლადიმირ პუტინი დგას", - დასძინა ტრასმა.
ლიზ ტრასის განცხადებით, საბოლოოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს ვინ არის და ვინ არ არის ომის დამნაშავე.
მისივე თქმით, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ახლა არის შესაძლებელი, ისაა, რომ შეგროვდეს მტკიცებულებები სასამართლოში წარსადგენად.
"ბრიტანეთი აგროვებს მტკიცებულებებს ადგილზე, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის", - განაცხადა ლიზ ტრასმა.