შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში მუშაობს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი.
მოქალაქეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის ფარგლებში, სრულად გაუქმდა უბნის ინსპექტორის სამსახური და თბილისის მასშტაბით უკვე ყველა უბანში მუშაობს და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი.
რეფორმა გრძელდება და კონცეფციის სრულყოფილად ასამუშავებლად იგეგმება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა და ინსტიტუტის ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში დანერგვა“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა. რომელიც 2005 წელს გაუქმდა.
"კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც 2005 წელს გაუქმდა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პარალელურად, გაიზარდა ტურისტული ნაკადები და შესაბამისად, საჭირო გახდა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.