ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
პირველ რიგში, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს. მათ დღეს, იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ.
ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის.
ამ შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ჩვენი თანამშრომელი. მინდა, მას გამოჯანმრთელება და რაც შეიძლება მალე სამსახურში დაბრუნება ვუსურვო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.