რუსეთმა ევროპის საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება გადაეცა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
სტარსბურგში 14 მარტს გაიხსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სესია.
15 მარტს დანიშნული იყო დებატები რეზოლუციაზე "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგების შესახებ". მოსალოდნელია, რომ დებატებზე რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვაზე იმსჯელებენ. როგორც ჩანს, რუსეთს სურდა, დაესწრო ევროპის საბჭოდან გარიცხვის გადაწყვეტილებისთვის და თავად განეცხადებინა ორგანიზაციის დატოვებაზე.
ევროპის საბჭოს წესდების მერვე მუხლის თანახმად, ქვეყანას, რომელიც უხეშად არღვევს ორგანიზაციის მთავარ პრინციპებს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტს უფლება აქვს მას ევროპის საბჭოს შემადგენლობა დაატოვებინოს.
ევროპის საბჭოს დატოვების განზრახვის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 მარტს განაცხადა.
ამასთან, რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოდან გასვლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსაციას (ცალმხრივად შეწყვეტა) მოახდენს.
"ევროპის საბჭოს დატოვებისას რუსეთი იძულებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსირება მოახდინოს. მაგრამ ნუ გეშინიათ, ყველა უფლება გარანტირებული იქნება ჩვენს ქვეყანაში უშეცდომოდ და უპირობოდ", - დაწერა სლუცკიმ ტელეგრამის არხზე.
მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, დროებით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუჩერა.