შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს. იტყობინება თეთრი სახლი.
ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი 24 მარტს არის დაგეგმილი.
"პრეზიდენტი მომავალ გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც შეუერთდება 24 მარტს დაგეგმილ ნატოს საგანგებო სამიტს, რათა განიხილოს თავდაცვისა და შეკავების ძალისხმევა უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ. ასევე დაადასტუროს ნატოს მოკავშირეების მიმართ ამერიკის მტკიცე ერთგულება", - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ასევე დაესწრება ევროკავშირის ლიდერების სამიტს.
"რათა განიხილოს ჩვენი საერთო შეშფოთება უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის ტრანსატლანტიკური მცდელობები რუსეთისთვის ეკონომიკური საფასურის დაკისრების, ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა გამოწვევების გადასაჭრელად", - დასძინა ფსაკიმ.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 24 მარტს ალიანსის ლიდერთა სამიტი მოიწვია.
"24 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში საგანგებო სამიტი გაიმართება. განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა", - დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.