ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა დაადასტურა, რომ 14 მარტს, უკრაინაში დაიღუპა ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი.
Fox News-ის ცნობით, ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი ბრიტანელ ჟურნალისტ ბენჯამინ ჰოლთან ერთად იმყოფებოდა ჰორენკაში, კიევის მახლობლად, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ბენჯამინ ჰოლი მძიმედ დაშავდა და რჩება უკრაინის საავადმყოფოში.
"პიერი იყო ომის ფოტოგრაფი, რომელიც აშუქებდა Fox News-ის თითქმის ყველა საერთაშორისო ამბავს ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. მისი, როგორც ჟურნალისტის გატაცება და ნიჭი შეუდარებელი იყო", - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 13 მარტს უკრაინაში, ქალაქ ირპინში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, ბრენტ რენო, ფოტოგრაფი და რეჟისორი, რომელიც წარსულში New York Times-სთვის მუშაობდა.