პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ სამშაბათს, 15 მარტს ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერებთან ერთად კიევში ჩავა. უკრაინული მედიის ცნობით, მორავეცკიმ ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა.
"დღეს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს, პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფაიალასთან და სლოვენიის პრემიერი იანეზ იანშასთან ერთად მივდივართ კიევში, რათა გამოვხატოთ უკრაინელების მიმართ სოლიდარობა", - განაცხადა მორავეცკიმ.
მისი თქმით, ვიზიტი განხორციელდება ევროკავშირთან შეთანხმებით და აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო.
"მსოფლიოსთვის ასეთ გარდამტეხ დროს, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იწერება. იმიტომ რომ საუბარია არა ჩვენზე, არამედ ჩვენი შვილების მომავალზე, რომლებიც იმსახურებენ იცხოვრონ ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
მან ასევე გაიხსენა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს წარმოთქვა: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შესაძლოა, იყოს ჩემი ქვეყანა, პოლონეთი".
"მაშინ მისმა ვიზიტმა შეცვალა წარმოდგენები ომზე, მისმა სიმამაცემ გაამხნევა ქართველები. ის დღემდე ახსოვთ მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა მორავეცკიმ.