ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინული მხარის მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინამ აცნობა საერთაშორისო სააგენტოს, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება კვლავ აღდგენილია მას შემდეგ, რაც "საოკუპაციო ძალებმა" ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად", – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომამარაგების გადამცები ხაზები ოკუპანტებმა ორჯერ დააზიანეს, რამაც რადიაციის გაჟონვის საფრთხე შექმნა. პირველად დაზიანებული ხაზების აღდგენის შესახებ ინფორმაცია 13 მარტს გავრცელდა. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ ელექტროგადამცები ხაზები საოკუპაციო ძალებმა კვლავ დააზიანეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური გასულ თვეში, უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს ჩაიგდეს ხელში. ელექტროსადგურში რჩება უკრაინული პერსონალი, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
პერსონალი აგრძელებს მოვალეობების შესრულებას. მათი თქმით, ატმოსფერო მშვიდია, მაგრამ შიგნით პირობები რთულია, საკვები და მედიკამენტები შეზღუდულია.
ჩერნობილში მომხდარი შემაძრწუნებელი ატომური კატასტროფის შემდეგ, ელექტროსადგური მუდმივ ყურადღებას და მართვას მოითხოვს.