"უკრაინაში რუსეთის შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია", - BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის ანონიმურ ბრიფინგზე გაკეთდა.
პენტაგონის განცხადების თანახმად, რუსეთის წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთის ჯარებმა განზრახ შეწყვიტეს შეტევა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს უკრაინის წინააღმდეგობის შედეგია. ეს ეხება კიევის მიმართულებით მოძრაობასაც გოსტომელის მხრიდან.
ამასთან, პენტაგონის განცხადებით, 13 მარტს პოლონეთის საზღვართან იავოროვის საწვრთნელ ბაზაზე განხორციელებულმა თავდასხმას გავლენა არ მოუხდენია უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ასევე, საწვრთნელ ბაზაზე არ იმყოფებოდნენ ამერიკელები, არც სამხედროები და არც სამოქალაქო პირები.
ბრიფინგზე, პენტაგონის წარმომადგენელმა არ დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. თუმცა აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, ჩინეთს მოუწევს დამდგარი შედეგებისთვის თვალის გასწორება. კონკრეტულად, რა შედეგებს გულისხმობდა, პენტაგონის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა.
შეგახსენებთ, Financial Times-ი და New York Times-ი იტყობინებოდნენ, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს.
ანონიმურობის დაცვის პირობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Financial Times-ს უთხრეს, რომ რუსეთი ითხოვდა ჩინურ სამხედრო აღჭურვილობას შეჭრის დაწყების დღიდანვე.
Financial Times-ის ცნობით, არის გარკვეული მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ჩინეთი შესაძლოა დათანმდეს დახმარების მიწოდებას. ჩინეთმა და რუსეთმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია.