ორშაბათს, რუსეთისა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი პეკინს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს არ უთხოვია ჩინეთისთვის სამხედრო დახმარება.
პესკოვის თქმით, რუსეთს შესწევს "პოტენციალი, დამოუკიდებლად გააგრძელოს სპეცოპერაცია უკრაინაში". მისივე თქმით, რუსეთის გეგმები უკრაინის ოპერაციასთან დაკავშირებით "სრულიად განხორციელდება" თავდაპირველი გრაფიკის შესაბამისად.
გავრცელებულ ინფორმაციას დეზინოფრმაცია უწოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
პეკინში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაშინგტონი ომში ჩინეთის როლის შესახებ "ბოროტი" სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
სპიკერმა ამტკიცებდა, რომ ჩინეთმა "კონსტრუქციული როლი ითამაშა მშვიდობისა და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებაში”.
შეგახსენებთ, Financial Times-ი და New York Times-ი იტყობინებოდნენ, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს.
Financial Times-ის ცნობით, მოსკოვს სურს, პეკინმა მიაწოდოს სამხედრო მარაგი უკრაინაში გამოსაყენებლად.
ანონიმურობის დაცვის პირობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Financial Times-ს უთხრეს, რომ რუსეთი ითხოვდა ჩინურ აღჭურვილობას შეჭრის დაწყების დღიდანვე. ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს იმის დაზუსტებაზე, თუ რა სახის აღჭურვილობას ითხოვს რუსეთი.
Financial Times-ის ცნობით, არის გარკვეული მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ჩინეთი შესაძლოა დათანმდეს დახმარების გაწევას.
გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ორშაბათს რომში იანგ იეჩის, ჩინეთის უმაღლეს დიპლომატს შეხვდება.
მანამდე, სალივანმა მოუწოდა პეკინს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, რადგან ასეთ შემთხვევაში, ჩინეთს დანამდვილებით მოუწევს დამდგარი შედეგებისთვის თვალის გასწორება.