რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. იუწყება "ინტერფაქსი".
"შეთანხმებას" ხელი 2021 წლის 20 სეტქებერს მოეწერა, რომლის თანახმად, ერთი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია გამარტივებული წესით მიიღოს "მეორე ქვეყნის მოქალაქეობა".
რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც მიაღწიეს სრულწლოვანობის ასაკს, უფლებას აძლევს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით.
ამასთან, აღნიშნულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ "ორმაგი მოქალაქეობა", ისარგებლებენ სოციალური შეღავათებით, განათლებით, სამედიცინო მომსახურებით იმ "ქვეყნის" "კანონმდებლობის" შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.
ამასთან, ნებისმიერ "მხარეს" უფლება აქვს "ორმაგი მოქალაქეობის სტატუსის" მქონე პირებს მიანიჭოს შეღავათები და უფლებები, თუ ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
"შეთანხმება ძალაში შევა" რატიფიკაციის დოკუმენტების გაცვლის შემდეგ. იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით.
რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.