ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი.
სანქციები, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, სავარაუდოდ, მიზანში ამოიღებს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ან მონაწილეობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში. ამასთან, გათვალისწინებულია შეზღუდვების დაწესება რუსეთის ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე.
როგორც იუწყებიან, სადამსჯელო ზომების ფარგლებში, იგეგმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის, როგორც ამ ორგანიზაციის წევრის უპირატესობის გაუქმება და სავაჭრო ორგანიზაციაში ბელარუსის გაწევრიანების შესახებ განაცხადის განხილვის შეწყვეტა.
გარდა ამისა, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, სანქცირებული რუსი მილიარდერების სიას დაემატოს საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი.
სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი აკრძალავს რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს, კერძოდ, ძვირადღირებულ ავტომობილებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ადრე განაცხადა, რომ ასევე დაწესდება აკრძალვა რუსული ფოლადისა და რკინის პროდუქტების იმპორტზე.