რუსეთის ცრუ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს, შესაძლოა კრემლმა ქიმიური იარაღით თავდასხმის საბაბად გამოიყენოს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt-ს განუცხადა.
"ახლა, როდესაც გავრცელდა აღნიშნული ცრუ ინფორმაციები, უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი თავად გეგმავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ეს იქნება ომის დანაშაული", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს მოუწოდა შევალოს კურსი.
"ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი მკაფიოა: დაასრულოს ეს ომი, გაიყვანოს თავისი ძალები და გადავიდეს დიპლომატიაზე".
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში შემდგომი ესკალაციის საფრთხე არსებობს. "უკრაინელი ხალხი გმირულად და მტკიცედ იბრძვის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, უფრ მეტ სირთულეებს მოიტანს", - განაცხადა მან.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისევ გამორიცხა ალიანსის ჩართვა უკრაინის ტერიტორიაზე და ცის დახურვის შესაძლებლობა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ძალების მიმართ დაიწყება იერიში, ეს კი პირდაპირ კონფრონტაციასა და არაკონტროლირებად ესკალაციას გამოიწვევს. ომი უნდა დამთავრდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება აიძულოს ნატო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ.