ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.
ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტი არჩევნები დაგმო საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ.
შეგახსენებთ, 12 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.