ბელარუსის არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ავტორიტარმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ "უკრაინა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმას აპირებდა".
კრემლის მიერ კონტროლირებადმა ლუკაშენკამ პუტინს უთხრა, რომ გადასცემს რუკებს, რომელზედაც ასახულია „ბელარუსზე უკრაინის თავდასხმის მზადება“.
ლუკაშენკას მტკიცებით, უკრაინის შეირაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე იერიშს ამზადებდა, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს.
"ჩვენ მათ თავს არ დავსხმივართ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო სროლა. როდესაც მე და თქვენ თქვენს სახლში ვიყავით... ჩვენ ერთად ვისხედით ვერტმფრენში... მათ დაიწყეს... მე გაჩვენებთ საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას. ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ ჩვენ არ გაგვიჩაღებია ომი, ჩვენი სინდისი სუფთაა", - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკა მოსკოვში პუტინთან დღეს ეახლა.