უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ სურვილის მიუხედავად, მტერი ვერც ერთი მიმართულებით წინ ვერ მიიწევს.
დანილოვმა განაცხადა, რომ უცხოეთის დაზვერვა გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს.
"რთული იქნება ეს თუ არა? დიახ, ეს რთული იქნება, რადგან მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. ჩვენ მათ ყველა მიმართულებით ვანადგურებთ, მაგრამ ისინი კალიებივით მოძვრებიან... ზუსტად ვიცი, რომ გავუძლებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა და ამ მიწიდან ვერავინ გაგვყრის, ამიტომ ჩვენ მას დავიცავთ", - განაცხადა დანილოვმა.
მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში კარგად ესმით, რა გეგმები აქვს მტერს.
"ეს გეგმები შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ, მათ ჰქონდათ სურვილი ორ-სამ დღეში ომის დასრულების და ხრეშატიკზე აღლუმის ჩატარების, ეს არასდროს მოხდება", - თქვა დანილოვმა.
მისი თქმით, მტერი გადავიდა სხვა ტაქტიკაზე, კონკრეტულად იმის გამო, რომ დასახული ამოცანა ვერ შეასრულა, თანამდებობებიდან 8 გენერალი გაათავისუფლა და სხვები დანიშნა.
"ჩვენ კარგად გვესმის, რა ხდება ახლა რუსეთში. ისინი სასოწარკვეთილები არიან. ეს ჩვენი ომია, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ", - განაცხადა დანილოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები ძალიან ნელა მოძრაობენ, რადგან მათ უკრაინის არმია ყველა მიმართულებით დარტყმებს აყენებს.
მისივე თქმით, ძალიან მაღალია უკრაინელების ეროვნული სულისკვეთება.
"ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ მტერმა გაიმარჯვოს. ის წინსვლა, რომელიც მას სურდა, არც ერთი მიმართულებით არ აშეინიშნება", - დასძინა დანილოვმა.