შეერთებული შტატები ფაქტობრივად ეკონომიკურ ომს აწარმოებს რუსეთთან, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
"უდავოა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა და ისინი აწარმოებენ ამ ომს. დიახ, დე ფაქტო ასეა", - განაცხადა კრემლის რუპორმა.
დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა შესაძლებლობები აქვს მოსკოვს არ დამარცხდეს ამ ომში, იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატებთან ერთად მთელი მსოფლიო ჩაერთო რუსეთზე სანქციების ზეწოლაში, პესკოვმა თქვა: "ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს".
ამავდროულად, პესკოვმა არ უპასუხა შეკითხვას, თუ რა სფეროებში შეუძლია რუსეთს, დასავლეთის საპასუხო სანქციები დააწესოს.
"თქვენს კითხვას უპასუხოდ დავტოვებ. ჯერჯერობით დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 8 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შეჭრის საპასუხოდ, რუსული ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა.
"დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს", - თქვა ბაიდენმა.
დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ევროკავშირმა დღეს განაცხადა, რომ სანქციების მეოთხე რაუნდზე მუშაობს.