ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ რუსული გადახდის სისტემის, Мир-ის დამატების შესახებ აცხადებს, რომ კომპანია ამ ნაბიჯს ხელისუფლების პირდაპირი ნებართვის გარეშე ვერ გადადგამდა.
"რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ისტორიული, უპრეცედენტო და უმძიმესი სანქციებისგან გვერდის ავლაში. ასევე, ეს ქართული ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს რუსულ, პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს ამით კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა და ამ ნაბიჯს ვერანაირად ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე.
ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში". – თქვა მელიამ.
მას შემდეგ, რაც Mastercard-მა და VISA-მ რუსეთის მოქალაქეებისთვის საბანკო ტრანზაქციები შეუძლებელი გახადეს, სარგებლისა და შემოსავლის სანაცვლოდ, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებში რუსული Мир-ი დაამატა.
კრემლი ცდილობს, გადახდის რუსული სისტემა Мир-ით ჩაანაცლოს Mastercard-ი და VISA, თუმცა მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა არ ცნობს გადახდის ამ საშუალებას.