შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პოლონეთსა და რუმინეთს ეწვევა.
3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, კამალა ჰარისი თავდაპირველად პოლონეთში ჩავა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ შეიქმნა.
პოლონეთის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი რუმინეთში გაემგზავრება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ ქვეყნებში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს უკრაინის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს.
"მოლაპარაკებების დროს ვიცე-პრეზიდენტი ასევე განიხილავს დახმარების საკითხს ქვეყნებისთვის, რომლებშიც უკრაინიდან ძალადობას გამოქცეული ლტოლვილები აფარებენ თავს“, - განაცხადა ჰარისის პრესსპიკერმა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, ამ დროისთვის, პოლონეთში 1.2 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.