თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლემ გიგი უგულავა გაამართლა.
"სასამართლომ გამამართლა ძიუდოისტის ცემის საქმეზე. ვერ დავადგინე ვინ ვის სცემაო. საკმარისი მტკიცებულება არ იყოო. ნებისმიერი გონივრული ეჭვი კონსტიტუციის მიხედვით ბრალდებულის სასარგებლოდ წყდებაო . მოეთხოვა კამერების ჩანაწერები და ნახავდა ყველაფერს საკუთარი თვალით!
საქმე ზოგადად აბსურდულია. მე არ მივიღე ამნისტია რადგან აქ მთავარი ის კი არაა ვინ დაიწყო ჩხუბი. გასარკვევია ვინ მისცა თავდასხმის დავალება გავაშელიშვილს და პარკაძეს, რამდენი გადაუხადეს და ასე შემდეგ. ეს დროც მალე დადგება. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, რომ ამ ქვეყანაში ვერცერთმა ხელისუფალმა ვერავის "დააზაკაზება" ვეღარ გაბედოს. ასე რომ ჯერ ყველაფერი წინაა", წერს სოციალურ ქსელში უგულავა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ.