გაერო უარყოფს გამოცემა Irish Times-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ორგანიზაციამ თავის თანამშრომლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით სიტყვების "ომის" ან "შეჭრის" გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ Guardian-თვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში გაეროს იფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
დიუჟარიკმა ასევე მიუთითა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის როზმარი დიკარლოს "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ შეტყობინებისკენ, სადაც ნახსენებია ფრაზა "ეს უაზრო ომი".
"ასევე გენერალური მდივანი იყენებს სიტყვების ფართო სპექტრს მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებსა და კომენატრებში მოვლენების აღსაწერად", - განაცხადა დიუჟარიკმა.
ამასთან, მისი განცხადებით, თანამშრომლებს "სთხოვენ უკრაინის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ან სხვა პოლიტიკური საკითხი ისე გაავრცელონ, როგორც ეს გაეროსა და გენერალური მდივნის პოზიციებს შეესაბამება".
მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ გაეროს რომელიმე განყოფილების რომელიმე ხელმძღვანელმა მსგავსი შინაარსის ელექტრონული წერილი ვინმეს გაუზავნა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მას არ აქვს. ამასთან, Guardian-ი დაუკავშირდა გაეროს რამდენიმე თანამშრომელს, რომლებმაც განუცხადეს, რომ ხსენებული აკრძალვის შესახებ ელექტრონული ფოსტით არანაირი მითითება არ მიუღიათ.