შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ენერგომატერებლების, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.
სატელევიზიო მიმართვისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა, ამერიკაში საწვავის ფასის ზრდას გამოიწვიოს, მაგრამ მოუწოდა ნავთობკომპანიებს, არ მიიღონ მონაწილეობა ფასების გადაჭარბებულ ზრდაში.
"საფასურის გადახდა აქაც მოგვიწევს, შეერთებულ შტატებში", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ეს არის "თავისუფლების დაცვისთვის" გადასახდელი ფასი.
ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს "როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელეს ის გზა, რომელიც აირჩია უკრაინაში, რადაც უნდა დაუჯდეს".
"მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. რუსეთმა შეიძლება განაგრძოს წინსვლა უკრაინაში საშინელი საზღაურის ფასად, მაგრამ ერთი რამ ნათელია, პუტინი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაში. პუტინმა შეიძლება აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასოდეს შეძლებს ქვეყნის შენარჩუნებას. და თუ ჩვენ არ ვუპასუხებთ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს, თავისუფლების საფასური ხვალ კიდევ უფრო დიდი იქნება", - თქვა მან.
ბაიდენმა ასევე შეაქო უკრაინელი ხალხი სიმამაცისა და გამბედაობისთვის.
"მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი, მათი მტკიცე სურვილი იცხოვრონ თავისუფლად მთელი მსოფლიოსთვის შთამაგონებელია", - დასძინა ბაიდენმა.