ნატომ უნდა უზრუნველყოს, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "ნატოს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ".
მისი თქმით, "ტანჯვა, რომელსაც ადამიანები უკრაინაში განიცდიან, შემაძრწუნებელია".
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს კიდევ უფრო საშიში, დამღუპველი და კიდევ უფრო მომაკვდინებელი იქნება. სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
"ნატო დაიცავს მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", - დასძინა სტოლტენბერგმა.
ჯერჯერობით, ნატო უარს ამბობს ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რაც დასავლეთის ლიდერების თქმით, კონლიფქტის ესკალაციას გამოიწვევს, მათ შორის უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე.