როგორც ჩანს, ჩვენს დასავლელ მეგობრებს სიამოვნებთ მყუდრო კაფეებში ჯდომა და უკრაინის ქალაქების ფოტოების თვალიერება, რომლებსაც პირდაპირ ეთერში მიწასთან ასწორებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.
"როგორც ჩანს, ჩვენს მეგობრებს სიამოვნებთ პარიზის, ბერლინის, ნიუ იორკის ან ბუდაპეშტის მყუდრო კაფეებში მოკალათება. შავი ყავის ნელ-ნელა წრუპვა კრუასანთან ერთად და უკრაინის ქალაქების ფოტოების თვალიერება, რომლებსაც პირდაპირ ეთერში მიწასთან ასწორებენ", - წერს პოდოლიაკი.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქები "კვდებიან, მაგრამ მაინც იბრძვიან".
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ხელისუფლება და მოქალაქეები დასავლელ პარტნიორებს უკრაინის ცის დახურვისა და სამხედრო თვითმრფრინავების გადაცემისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
"დახურეთ უკრაინის ცა, დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, დაიცვათ ადამიანები და თქვენ ეს შეგიძლიათ...
თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რათა შევძლოთ ჩვენი თავის დაცვა, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ნელ-ნელა გვკლავდნენ. ეს მსოფლიოს და დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. დღეიდან და სამუდამოდ", - განაცხადა ზელენსკიმ.