ნატო არ დათანხმდება უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას, რადგან პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ცის დახურვა ნიშნავს რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმას, რაც საფრთხეში ჩააგდებს მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.
"ეს ნიშავს იმას, რომ ნატო-ს თვითმფრინავებმა ცეცხლი გაუხსნან რუსეთის საჰაერო ხომალდებს, ეს ნიშნავს კონფლიქტში ნატო-ს უშუალი ჩართვას... ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე", - განაცხადა ბერბოკმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე რამდენიმე დღეა დასავლეთს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას სთხოვს.
"დახურეთ უკრაინის ცა, დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, დაიცვათ ადამიანები და თქვენ ეს შეგიძლიათ...
თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რათა შევძლოთ ჩვენი თავის დაცვა, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ნელ-ნელა გვკლავდნენ. ეს მსოფლიოს პოლიტიკოსებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა“, - აცხადებს ზელენსკი.