უკრაინელებს აქვთ გეგმა "ხელისუფლების უწყვეტობისა ამა თუ იმ გზით“, თუკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკლეს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა კვირას ტელეარხ CBS-ის ეთერში, "Face the Nation"-თან ინტერვიუში.
ბლინკენის თქმით, ამ გეგმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს ან დეტალებში შესვლას, რათა დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლების უწყვეტობა ამა თუ იმ გზით შენარჩუნდება. დეტალებს ჩემთვის დავიტოვებ", - თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე შეაქო ზელენსკი ამ კრიზისის დროს მისი "ლიდერობისთვის".
"ხელმძღვანელობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მთელმა მისმა მთავრობამ აჩვენა, შთამაგონებელია. ისინი ამ წარმოუდგენლად მამაც უკრაინელ ხალხს განასახიერებენ", - თქვა ბლინკენმა.