თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლმა განცხადება გაავრცელა.
კრემლის განცხადებით, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთი შეაჩერებს "სამხედრო ოპერაციას" მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას და "მოსკოვის აქამდე ცნობილ მოთხოვნებს" შეასრულებს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი უკრაინაში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შეჭრა არის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომელიც პუტინის თქმით, საჭიროა უკრაინის "დენაციფიკაციისთვის".
პუტინმა ერდოღანთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავდასხმა გეგმისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
კრემლის განცხადებით, პუტინი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრები უფრო "კონსტრუქციულ" მიდგომებს გამოიყენებენ.
სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, ერდოღანმა პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ და საყოველთაო შეწყვეტისკენ მოუწოდა.