თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ერდოღანმა მოუწოდა თავის რუს კოლეგას, სასწრაფოდ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.
ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ანკარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.
ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ ერთადერი გზა, რაც შეამსუბუქებს ჰუმანიტარულ კატასტროფას რეგიონში, ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტაა. ამავე დროს, ცეცხლის შეწყვეტა გააჩენს შესაძლებლობას, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის გზის ძიებისთვის.
თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს მიმართა "ერთად გავხსნათ გზა მშვიდობისთვის".
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტშია უკრაინულ მხარესა და სხვა ქვეყნებთან. მისი თქმით, გააგრძელებს ძალისხმევას ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების წარმართვისა და შედეგების მისაღწევად.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც უკრაინა კრემლის ყველა მოთხოვნას დათანხმდება.