პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დააკავეს.
"კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ", - დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.
ხოშტარიასთან ერთად დააკავეს მისი პარტიის წევრები შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა.
ელენე ხოშტარიამ და სხვა აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად, კანცელარიის შენობის წინ რუსული წარმოების კეჩუპი მოასხეს.
მანამდე, ელენე ხოშტარიამ განცხადება გააკეთა:
"უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას. აი, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი, ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოიხრჩოს რუსული ეკონომიკა, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას. თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე.
ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, რომ ჩვენ გვყავს ასეთი მთავრობა. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
აქტივისტებმა გააპროტესტეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის მარეგულირებელმა მზადყოფნა გამოთქვა, დაუშვას რუსულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელი 15 კომპანიის პროდუქცია.
მოგვიანებით, საქართველოს სურსათის ეროვნულა სააგენტომ დაადასტურა ამ მიზნით რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებები, თუმცა დასძინა, რომ ის ჯერ კიდევ გასულ წელს, უკრაინაში ომამდე დაიწყო.